ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეს ეროვნულ პარკში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ხუთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი 300 ჰექტარზე გავრცელდა. იუწყება Reuters.
ხანძარი 15 აგვისტოს, ტენერიფეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყის მასივში გვიან საღამოს დაიწყო. მიუვალი ადგილების, ასევე უკიდურესად გვალვიანი ამინდის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და რამდენიმე მეორადი ხანძარი გამოიწვია.
სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 10-მდე ვერტმფრენი, 150 მეხანძრე და 50 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო.
ტენერიფეს ხელისუფლებამ ხუთი სოფლის ევაკუაციის გადაწყვტილება მიიღო. ამასთან, ტენერიფეს ორი აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
„ხანძარი მძლავრია და რთული ადგილ-მდებარეობა აქვს. ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ აღიკვეთოს ცეცხლის გავრცელება, რომელიც სანაპიროსთან საცხოვრებელ რაიონებს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა კანარის კუნძულების რეგიონალურმა პრეზიდენტმა ფერნანდო კლავიხომ.