ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია, - "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანასთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა.
რაც შეეხება კონცერტზე მისულ მსმენელთა რეაქციას, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ცალკე საკითხია და არ ჰგონია, რომ "ცალკეული რეაქციები გადაჭარბებულად უნდა შეფასდეს".
"ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია.
თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას - უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია - ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება!
მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს - იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!" - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
„ბლექ სი არენა“ -ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.
სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც მაყურებლეთა მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.
სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს და ყველა ერთმანეთის „ძმები ვართ“. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
კონცერტის შემდეგ, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და მსმენელს ბოდიში მოუხადა.