ლეხ კაჩინსკი ნატო-ს გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთში, ქვეყნის არმიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა და მან გააფრთხილა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე იქნებ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროა!“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები”, – განაცხადა დუდამ პოლონეთის არმიის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე
მისი თქმით, სამწუხაროდ ლეხ კაჩინსკის არ მოუსმინეს, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო.
„ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფდა მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს. მას თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს”, – განაცხადა დუდამ.