ხვალ, 19 დეკემბერს, ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ბელორუსის ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე კამპანიაში ერთგვარი რეკორდი იხსნება იმიტომ, რომ - ვადამდელი ხმის მიცემის ოთხ დღის განმავლობაში ამ პროცესში მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო.
ბოლო მონაცემებით ოთხი დღის განმავლობაში ხმა უკვე მიცემული აქვს ამომრჩეველთა 7,4 %.
კანდიდატებს დღეს წინასაპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღე აქვთ. საქმე იმაშია, რომ ბელორუსის კანონმდებლობით ბელორუსში არ არსებობს ე.წ. დუმილის დღე, რომელიც როგორც წესი ყველა საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღედ ითვლება და ამ დღეს ყველანაირი აგიტაცია აკრძალულია. ბელორუსში სააგიტაციო კამპანია დღესაც გრძელდება.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 10 კანდიდატი იყრის კენჭს. ანალიტიკოსების განცხადებით ყველაზე მაღალი რეიტინგი ამ კანდიდატთა შორის ბელორუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს აქვს.
ბელორუსში ჩატარებული წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს საპრეზიდენტო თანამდებობაზე მხოლოდ ოთხი კანდიდატი იბრძოდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩართულმა ყველა კანდიდატმა გარდა ლუკაშენკოსი გამოიყენეს თავიანთი უფლება სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირი ეთერით გამოსულიყვნენ.
ბელორუსი ამომრჩეველი ამ დღეებში აქტიურად განიხილავს ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შემოსავლებს. ყველა მათგანმა ცესკოში დეკლარაციები წარადგინა, რომლებიც 2009 წელს არის შევსებული.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე შემოსავლიანი კანდიდატთა შორის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. მისი წლიური შემოსავალი 90 მილიონ რუბლს (დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარს) შეადგენს. მეორე ადგილზე ალექსეი მიხალევიჩია 75 მილიონი რუბლით (დაახლოებით 25 ათასი). ორ კანდიდატს - ანდრეი სანნიკოვსა და ვიქტორ ტერეშენკოს კი ოფიციალურად არც ერთი რუბლი არ აქვთ გამომუშავებული.
ამასთან ერთად, ბელორუსის ცესკოს აქვს ვარაუდი იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ერთ ტურად ჩაივლის. ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ ლიდია ერმოლოვამ უკვე გააკეთა. მან განაცხადა, რომ - "სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურზე არ გაიწელება და გამოთქვა იმედი, რომ ახალ წელს ყველა საკუთარ სახლებში შეხვდება".
სხვათაშორის ცესკოს თავმჯდომარის ამ პროგნოზს ბელორუსი ანალიტიკოსები ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ არჩევნები ერთ ტურად ჩაივლის და სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო გაიმარჯვებს.
ამასთან ერთად, ოპოზიცია უკვე ადანაშაულებს ხელისუფლებას იმაში, რომ არჩევნები არათავისუფალი და არასამართლიანი იქნება. მათი თქმით, კანდიდატებისათვის თანაბარი პირობები არ არსებობს.
თავის მხრივ, ბელორუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია.
ბელორუსში დღეს ასევე გაიხსნა საპრეზიდენტო არჩევნების საინფორმაციო ცენტრი. ცესკოს მონაცემებით უკვე დაბეჭდილია 7 მილიონ 447 ბიულეტენი.
მინსკში არჩევნების გასაშუქებლად უკვე აკრედიტებულია 1025 ჟურნალისტი, რომელთა შორის 670 უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენელია. დამკვირვებელთა შორის კი საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებიც არიან.
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია: ალექსანდრე ლუკაშენკო - მოქმედი პრეზიდენტი. გრიგორი კოსტუსევი - შპს "ოსვესიკაია სამშენებლო კომპანიის" გენერალური დირექტორის მოადგილე. ალექსეი მიხალევიჩი - იურისტკონსულტანტი. ვლადიმერ ნეკლიაევი - სოციალური მხარდაჭერის საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანების "ზაბოტას" აღმასრულებელი დირექტორი. იაროსლავ რომანჩუკი - ანალიტიკური ცენტრის "სტრატეგიას" აღმასრულებელი დირექტორი. ვიტალი რიმაშევსკი - გაერითიანება "ქრისტიანული საქმიანი ინიციატივას" თავმჯდომარის მოადგილე. ანდრეი სანნიკოვი - გაზეთ "ნაროდნაია ვოლიას" პოლიტიკური მიმომხილველი. ნიკოლაი სტატკევიჩი - ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი. ვიქტორ ტერეშენკო - ასოციაცია "მცირე და საშუალო მეწარმეობის" თავმჯდომარე. დმიტრი უსი - გაერთიანება "ტრივიუმის" დირექტორი.