ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წაუყენა. ამასთან, ტრამპის გარდა, ბრალი კიდევ 19 პირს წარედგინა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევაში, საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის მოთხოვნაში, საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენაში, დოკუმენტების გაყალბებში, ყალბი განცხადებების, ნაწერების და ყალბი დოკუმენტების წარდგენაში და სხვა.
საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებს „კრიმინალურ ორგანიზაციად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს სდებს სხვა დანაშაულებშიც, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედების, კომპიუტერის ხელყოფის, ქურდობისა და ცრუ ჩვენების მიცემაში. დონალდ ტრამპისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.