ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა.
ჰავაის კუნძულ მაუის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
„89 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ აქ, სულ რაღაც, ორი დღის წინ ვიყავით და ეს რიცხვი ბევრად მცირე იყო. ჩვენი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. გვინდა,ხალხი მოვამზადოთ ამისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან იქ მძიმე ლითონებია, დანგრეულია სახლები, არის პროპანის ტანკები, ამიტომ ეს მართლაც დიდი საშიშროებაა. უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ და ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა. მან ჰავაის შტატის ისტორიაში ხანძარს ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა უწოდა.
მედიის ცნობით, კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად არის მიიჩნეული.
ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.
კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ქარიშხალმა „დორამ“ გამოიწვია.