ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მაშველები ამ დროისათვის ადგენენ დაღუპულთა რაოდენობას, რომელთა ცხედრებიც ქუჩებში იპოვეს. დამწვარი შენობების შესწავლა კი ჯერ არ დაუწყიათ. მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აგრძელებენ. ხანძარი დაახლოებით 1900 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 11 ათასამდე ადამიანი.
კუნძულ მაუიზე ხანძრები 8 აგვისტოს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ქარიშხალმა „დორამ“ გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, გაფრთხილების სისტემებმა კი სათანადოდ ვერ იმუშავა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 აგვისტოს ჰავაის რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და დაზარალებული რაიონებისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლება გავრცელებულ ხანძრებს კუნძულის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ სტიქიურ უბედურებად აფასებს. მათივე განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონის აღდგენას რამდენიმე წელი და მილიარდობით დოლარი დასჭირდება.