გილოცავთ დიდგორობას - საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამ ისტორიულმა გამარჯვებამ დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოში.
„გილოცავთ დიდგორობას - საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს.
1121 წლის 12 აგვისტოს ქართველმა ერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. “ძლევაი საკვირველმა” დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოში. ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.
ახალ გამარჯვებებს, მშვიდობას, გაერთიანებას, გაძლიერებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.