საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოებში ჩართულია ყველა სახის ძალა, გამოყენებულია სხვადასხვა რესურსი და პირველივე ეტაპიდან რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთდა.
„არაფერი დაგვიკლია და ამის ქრონოლოგიურად ახსნა შემიძლია. სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული, ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც მზად იყვნენ დაუყოვნებლივ გამოსაფრენად. მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისიდან ვერტმფრენი ვერ აფრინდა, პარალელურად, თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით. პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, ორი ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში. ადამიანური, ცოცხალი ძალა, სპეციალური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკა – იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება, გონივრული იყოს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე განცხადებით, ვერტმფრენის ღამით მუშაობა სარისკო იყო და არც აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა.
„ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ ღამე, რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, აღარაფერი აუცილებლობა იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი არსებობდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. ადგილზე მობილიზებული გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც მარტივად აფიქსირებდნენ დატბორილ არეალს. ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა. ურთულესი რელიეფია, კლდისა და მთების მასივია და პარალელურად, მაღალი ძაბვის სადენები იყო. ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი, თუნდაც მცირე შანსი და ჩვენ არ გამოგვეყენებინა. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც ადამიანები უსაფრთხო ადგილზე იყვნენ გახიზნული. კარგად იცით, მას შემდეგ, რაც მოხდა უბედურება და დაიღუპნენ ადამიანები, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის. არ დაგვმატებია არც დაღუპული და არც დაშავებული. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ურთულესი რელიეფიდან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რამდენ ხანში მოხდება ტერიტორიის სრულად გადამოწმება.
„ურთულესი მასაა გრუნტის. ეს, უბრალოდ, რაღაც თხევადი მასა არ არის, ეს არის უზარმაზარი ლოდები, მოწყვეტილი ტყის მასა, რომელიც ტალახის ქვეშაა მოქცეული და ამ ყველაფერზე ახლა ვმუშაობთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.