„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შეასრულა და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ შეიძლება, სტატუსი მიიღოს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, გაფართოების ინტერესის გათვალისწინებით.
პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები სტატუსის მიღებას ხელს უშლის და უმჯობესი იქნება, თუ ნაკლებად გააკეთებენ განცხადებებს.
„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სჭირდება. ესეც სახეზეა, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა. ევროკომისარმა თქვა, რომ 12-დან სამი რეკომენდაციაა შესრულებული. რის გამოც შეიძლება, ქვეყანას სტატუსი მისცენ, არის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, გაფართოების ინტერესი.
ახლა მთავარია, ამ გადაწყვეტილებასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი არ შეუშალოს. მთავარი საკითხია, ღარიბაშვილი ევროპულ ასპარეზზე რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს და კობახიძეს ბევრი ლაპარაკის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. თუ „ქართული ოცნება“ გაჩუმდება და არაფერს ილაპარაკებს, ქვეყანა, დიდი ალბათობით, სტატუსს მიიღებს. ვინც რუსულ ნარატივს ავრცელებს, ირაკლი ღარიბაშვილია და რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებს, მით მეტი შანსია, სტატუსი მივიღოთ. სტატუსს ყველა ერთად მივიღებთ, მაგრამ როცა ამ ისტორიული შანსის დროს ქვეყანა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უნდა იწყებდეს, სტატუსი სახვეწარი გვაქვს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.