„ირაკლი, თუ არ გესმის რა არის სახელმწიფოებრიობა და ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი“- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სამარცხვინო და ომში დაღუპული ქართველი გმირების პირდაპირი შეურაცხყოფა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იმეორებს რუსულ ნარატივს. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გამართლებულია, ხოლო რუსეთი კი ომის დაწყებაშია დადანაშაულებული:
„მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომლებიც მან დღეს გააკეთა. ირაკლი, თუ არ გესმის რა არის სახელმწიფოებრიობა და ღირსება, გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი.
პირველი - შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და იმ სამხედროების, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები.
მეორე - შენი ნარატივი ერთი-ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე.
მესამე - შენი მშვიდობა არის რუსული, მონური მშვიდობა, ხოლო ჩვენი მშვიდობა არის „ნატო“-სა და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც რუსეთმა მონობაში დაამყარა, მაგალითად ჩეჩნეთში, ხოლო ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობასა და ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული მშვიდობა „ნატო“-სთან და ევროკავშირთან ერთად.
ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების მანძილზე, არის ის, რომ პუტინსა და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები პასუხისგებაში მიეცა ჰააგის სასამართლოს. მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ცამდე გამართლდნენ ჩვენი სამხედროები, ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.
და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო „ნატოსთან“ და ევროკავშირთან ერთად, აი, თქვენ კი, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივებისა და ინტერესების გამტარებლებს, აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე, რომ წინ დიდი გამარჯვებისკენ!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.