კრიტიკულ, კრიზისულ დროს, როცა მნიშვნელოვანია მობილიზება, თანადგომა და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„თქვენ მოისმინეთ გეოლოგების დასკვნა, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება. ყველა თანხმდება, რომ საქართველოში გვყავს ერთი ორი გეოლოგი თუ ვინ არის პროფესიით არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი. ერთი-ორი ასეთი ადამიანი გყავს, რომელიც კრიზისის დროს უბრალოდ პანიკას ტეხს ტყუილით. აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც თეა გოდოლაძე ამბობდა. ისიც ამბობდა, რომ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში, კიდევ „მთის ამბები“ ამბობდა, თითქოს ორი დღე წყალი არ მოდიოდა ბუბუს ხეობაში ან დაკლებული იყო. ეს იყო ტყუილი, რაც მეცნიერულად დასტურდება. 3 აგვისტომდე არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებით. ამას დაემატა მეორე ტყუილი, თითქოს ზემოთ რაღაც გუბდებოდა, ასე ვთქვათ, ღია ტბა არსებობდა. კრიზისის დროს ტყუილების გავრცელება ჩვეულებრივი საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. წინასწარმა დასკვნამ ზუსტადაც თქვა, რომ მდინარეში არანაირი წყლის კლება არ ყოფილა და ღია ტბის დაგუბება არ ხდებოდა. მათ შორის სხვა ექსპერტების მხრიდანაც დადასტურდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.