საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ქვეყნისთვის ომი თავიდან აეცილებინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას: „რამდენად სწორია სახელმწიფოებრივად, როდესაც ამდენს საუბრობთ წინა ხელისუფლებაზე და იმაზე, რომ ომის არიდება შეიძლებოდა, მაშინ როცა სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. როგორ შეიძლებოდა ომის არიდება?“.
„პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანს მოევლინოს, არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ, ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ და ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ბუნებრივია, ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ, 20 პროცენტი არის დღეს ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ბოლო კონტიგენტი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო, თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა, საუბარი გავაგრძელო. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ყველა სამხედრომ, მაშინდელი სამხედრო მმართველობა ვინც იყო, მე არ ვგულისხმობ გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სამხედრო მმართველობა, გმირი ოფიცრები, მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.