უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორისაა ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დაშავებულებს შორის არიან პოლიციელები, მაშველები და ერთი ბავშვი.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 დაღუპულისა და 18 დაშავებულის შესახებ. მოგვიანებით, პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი დობრიაკმა 7 ადამიანის დაღუპვისა და 27 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
დაჭრილები ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმე იყო და ისინი დნიპროში გადაიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელს სახლებს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.