არ მაქვს მოლოდინი, რომ მისგან {კახა კალაძოსგან} მივიღებთ პასუხს და არა მორიგ იაფფასიან პიარ სვლას - მივა და ბავშვებს რომლებიც გადარჩნენ 4 საათი მეწყერში ყოფნისა და სიცოცხლისათვის ჯოჯოხეთური ბრძოლის შემდეგ, არ მიუტანს საკუთარ მაისურსა და ბურთს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
„კალაძის მიმართ საზოგადოებას რომ აქვს კითხვები, ეს ლეგიტიმურიცაა და ლოგიკურიც, ეს მისი და ოცნების პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგია...
კალაძის და ხელისუფლების მიმართ არსებობს კითხვები, სად არის 70 მილიონი, რომელიც გამოყოფილი იყო მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემის დასანერგად, სისტემას რამდენიმე წლის წინ უნდა ეარსება.
რატომ არ მუშაობს ვერეზე მონიტორინგის სისტემა, რომელშიც 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ, მილიონები დაიხარჯა...
არსებობს კითხვები, რატომ არ არის უსაფრთხო ბავშვებისათვის შადრევნები, სკვერები და კურორტები.
ამის ფონზე კი, დამთხვევითა თუ შემთხვევით, როდესაც მისი შვილები ტოვებენ შოვს სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ როდესაც ვგებულობთ შესაძლო რისკების შემცველი შეტყობინების შესახებ, რომელიც არ მივიდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე, ისმის ლეგიტიმური კითხვა:
ჩვენ არ ვეკითხებით კალაძეს, რატომ ზრუნავს საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე, ვეკითხებით რატომ არის სხვისი შვილებისათვის ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე...
არ მაქვს მოლოდინი, რომ მისგან მივიღებთ პასუხს და არა მორიგ იაფფასიან პიარ სვლას - მივა და ბავშვებს რომლებიც გადარჩნენ 4 საათი მეწყერში ყოფნისა და სიცოცხლისათვის ჯოჯოხეთური ბრძოლის შემდეგ, არ მიუტანს საკუთარ მაისურსა და ბურთს;
თუმცა მისი ნიანგის ცრემლები და ტალახში ტრაგედიიდან მესამე დღეს პოზირება უადგილოა, დამატებით პროპაგანდით, რომ აი თურმე რატომ არ ითამაშა უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში...“ - წერს ნიკა მელია.