მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ დავუკავშირდეთ იმ პირებს, ვისთანაც ვერ ვახერხებთ დაკავშირებას და განხორციელდეს მათი ევაკუაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან დიდი სტიქია განვითარდა.
„რეალურად მდინარის სტიქიურმა დაგუბებამ გამოიწვია მეწყრული პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში განვითარდა და დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა. 400 მაშველი არის ჩართული სამაშველო ოპერაციაში. ორი ვერტფრენი იყო ჩართული დღეს. ხვალ ემატება კიდევ ვერტმფრენები. მონაცემები ყოველწუთიერად ახლდება, ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მიდის გადაზუსტებება და რა თქმა უნდა, რეაგირება. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 70 ადამიანი გამოყვანილი იქნა დღეს. ასევე 152 ადამიანია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ადგილას სტიქიის არეალში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. უზრუნველყოფილები არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. მომზადებულია ვერტმფრენები, რათა ხვალ, ამინდის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის, რომ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა, უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში, როგორც მხარდასაჭერად უკვე უსაფრთხო ადგილას გამოყვანილი ადამიანებისა, ასევე, ბუნებრივია, იმ არეალში შესაძლებლობის ფარგლებში საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.