სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ერთ-ერთი დამსვენებელი ვიდეოს აქვეყნებს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.
„პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდა , ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო. ძალიან ბევრი ბავშვები არიან. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ“,– ამბობს დამსვენებელი.
მისი თქმით, სასტუმროში მყოფი დამსვენებლები სამაშველო ვერტმფრენებს ელოდებიან.
შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა.
შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გავრცელდება.