ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დანაშაულებრივ დაუმორჩილებლობას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება.
მისი თქმით, პირველი - ეს არის დემონსტრირება, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს, თუ კი რომელიმე ძლიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ეს ასე სურს, სასამართლო გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან, რაც უმძიმესი ვითარებაა.
ხოლო მეორე - ის ცვლილებები, რაც ივანიშვილის დროს შეიტანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში, კერძოდ უნარების გამოცდის ამოღება, ამან რეალურად ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ამ სისტემას.
„ისედაც საჭირო იყო ამ სისტემის გაუმჯობესება, ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფციის პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ ყოველთვის საჭიროა წინსვლა.
ჩვენ ვთვლით, რომ მზად უნდა ვიყოთ იმ სრულფასოვანი რეფორმისთვის, როდესაც ეს პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დამარცხდება. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ საზოგადოებას ის ხედვა, რომლის შემუშავების პროცესშიც ვართ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი რესპუბლიკის პროექტის ფარგლებში“ - თქვა გიგა ბოკერიამ.