პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მარჩინ პშიდიჩის განცხადების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების ოფიციალურ სპიკერზე, ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით წერს.
ნიკოლენკოს განცხადებით, სამინისტროში გამართული შეხვედრისას პოლონელ დიპლომატს უთხრეს, რომ განცხადება უკრაინელთა უმადურობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინულ-პოლონური მეგობრობა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბევრად ღრმაა. პოლიტიკამ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩვენი ხალხების ურთიერთგაგება და სიმტკიცე. ვერანაირი განცხადებები ვერ შეგვიშლის ხელს, ერთობლივად მოვიპოვოთ მშვიდობა და ავაშენოთ საერთო ევროპული მომავალი“, – განაცხადა ნიკოლენკომ.
მარჩინ პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს.