ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა „გამარჯვების პლატფორმის“ გაძლიერების პარალელურად, ძლიერდება პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.
„მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით ის გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და დიახ, ამ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოკუსირებული იქნება სამ მნიშვნელოვან საკითხზე.
„მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება“. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ამიტომ ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა. კიდევ ერთი საკითხია უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. გამარჯვების შემდეგ, უკრაინა იქნება ლიდერი და გამწევი ძალა, რათა მოხდეს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.