ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარალელურად აქცია იმართება თბილისში, პარლამენტის შენობასთან.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემია გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ თან აქვთ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს", "Русский корабль, иди на...й".
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო, ბათუმის პორტში დილის 5 სააათზე შემოვიდა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ლაინერი არ არის სანქცირებული.
"აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. Astoria Grande-ს "ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
ფოტო: რადიო თავისუფლება