ხვალ, 23 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ღირსეული წარმომადგენლის ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს აღნიშნავს.
14:00 საათზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ვოვა ვეკუას სახელობის ქუჩაზე არსებულ მემორიალურ დაფას (კოლმეურნეობის მოედანი) გვირგვინით შეამკობენ. 15:00 საათზე კი წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიაში ვოვა ვეკუას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.
18:00 საათზე ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობის წევრები და ვოვა ვეკუას თანამებრძოლეები დაესწრებიან.
ვოვა ვეკუა აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკების დროს 1989 წლის 15 ივლისს დაიღუპა. იგი გახლდათ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი აფხაზეთში. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი.