გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინ ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.
„ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, იმ ქვეყანაში, სადაც 100 000 ბავშვი შიმშილობს, 400 000 პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, დაბალი პენსია, ადამიანებს არა აქვთ სამსახური. გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის, პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და, მით უმეტეს, სურთ ხალხის მხარდაჭერა, საკუთარ პრობლემებზე არ უნდა ისაუბრონ რამდენიმე საათის განმავლობაში. ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმისა და ჯუჯღუნის ყურება, შესაბამისად, ახლა დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი და სწორი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურ იზოლაციაში მიხეილ სააკაშვილი მისი მხრიდან, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობაში და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, გარეთაც, ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი. ეს არის სიმართლე, დანარჩენი კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნების, წუხილების, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, ეს მათი საქმეა, თუ რამე დამატებით იციან, ჯობია, მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე მე ვაკეთო კომენტარები“.
მისივე თქმით, წუწუნით ხალხის მხარდაჭერის მოპოვება არ გამოვა.
„ყველას, ვისაც ავტომობილთან შეხება ჰქონია, იცის, რომ, რაც არ უნდა კარგი იყოს ეს ავტომობილი, დროის გასვლის შემდეგ ზეთს თუ არ გამოვუცვლით, მისი ძრავი აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაში. წარმოუდგენელია ერთი და იმავე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. ასე არ გამოვა, ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. თუ ასე გააგრძელებს მუდმივად თავისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას და არავის ეს არ აინტერესებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, ნიკა მელიამ არაფორმალურ მმართველობაზეც ისაუბრა, გიორგი ვაშაძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტეგრირებაზე თქვა, რომ არ ჰგონია, ეს ხაბეიშვილის გადაწყვეტილება იყოსო, – ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ეს განცხადება მასში მხოლოდ წუხილს აღძრავს.
„თქვენ რასაც მეკითხებით, რომ არ ჩამიზუსტოთ, ვინ ისაუბრა ეს ტექსტი, აუცილებლად გეტყოდით, რომ ეს განცხადება გააკეთა კობახიძემ, ზარქუამ, ან „პოსტივიზე“ გავიდა, ან ტელეკომპანია „იმედზე“, და როცა ამბობთ, რომ ეს გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ეს მხოლოდ წუხილს აღძრავს ჩემში. გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო, რომ კობახიძის, ზარქუას, „პოსტივის“ ნარატივებით, სფიჩებით და მესიჯბოქსით საუბრობს კონკრეტული ადამიანი. გულწრფელად ვწუხვარ, რაც მეტს გააგრძელებს, გაუღრმავდება დეპრესია, უფრო მეტს ინერვიულებს, ოღონდ ეს მისი პრობლემაა. მე მაინტერესებს ხალხის პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარების გზები, თქვენ გაინტერესებთ და მეკითხებით ერთი კონკრეტული ადამიანის წუწუნზე, ჯუჯღუნსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. არ ვიცი, ეს უმძიმესია ჩემთვის, მართლა ვწუხვარ, მეტი როგორ გითხრათ, მეტი მართლა არ შემიძლია გამოვხატო თანადგომა, ასე ვთქვათ, არაადეკვატურობის გამო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ.