დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ლობისტურ კომპანიასთან სავარაუდო კომუნიკაციის ფაქტს და აღნიშნა, რომ ამაზე აუცილებელია ახსნა-განმარტებები, თავად პროცესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობა კი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
„ძალიან ცუდია და მძიმე, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ჩართულია ასეთ ქმედებებში, ამას სჭირდება ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც არის მცდელობა ქვეყნის გაშავების, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე, უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. საზოგადოება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც ასეთ ქმედებებში იღებს მონაწილეობას მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ყველა არჩევნებზე, ასევე 2024 წლის არჩევნებზე გასცემს შესაბამის პასუხს,"- განაცხადა კახა კალაძემ.