„როდესაც გაქვს მცდელობა, შენი გადადგმული ნაბიჯებით დააზიანო ქვეყანა, მისი იმიჯი და მომავალი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე FARA-ს კანონის საფუძველზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მოყვანილ ფაქტებს.
თბილისის მერის თქმით, მსგავსი ქმედებები მოღალატეობრივია და ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს.
„პირველი, მინდა ვთქვა რომ აღნიშნული კანონით, რომელიც რუსულ კანონად იყო შერაცხული, ძალიან ბევრი რამ გაირკვა. გაირკვა, რაზეც რამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდია და დამაზიანებელი. მერე რა, შეიძლება დღეს ოპოზიციაში იყვნენ და ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ როდესაც გაქვს მცდელობა, შენი გადადგმული ნაბიჯებით დააზიანო ქვეყანა, მისი იმიჯი და მომავალი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები, რაც ძალიან სამწუხაროა, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აღნიშნული დოკუმენტაციით, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.