პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, არის ამაზრზენი, რადგან განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხშირად დათანხმებულან და მიუღიათ სხვადასხვა საჩუქარი მათ შორის პოლიტიკური საჩუქარი, ძალიან კარგად იციან მარგველაშვილის დამოკიდებულება ფინანსური საკითხების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
ნაცვლიშვილის თქმით, თანხა მისთვის გადახდილი არ ყოფილა, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდა არის ფაქტებით დამტკიცებული სიყალბე.
„მარგველაშვილთან დაკავშირებით, ვნახე ოფიციალური წყაროები, სადაც საუბარი არის სულ სხვა რამეზე, ვიდრე ის, რა ვერსიაც ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილს ჰქონდეს რაიმე ტიპის მსგავსი ურთიერთობა ფულთან. მისი დამოკიდებულება ფინანსების მიმართ ჩემთვის იყო ძალიან ნათელი, ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის ასეთ საკითხს და ასეთი ტიპის ფულს ხელს მოკიდებს. ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ეს დასტურდება ოფიციალური წყაროებითაც. ამიტომ ის პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა, არის უბრალოდ ამაზრზენი, რადგან ვინ, ვინ და ხელისუფლებამ, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხშირად დათანხმებულან და მიუღიათ სხვადასხვა საჩუქარი, მათ შორის პოლიტიკური საჩუქარი, ძალიან კარგად იციან მარგველაშვილის დამოკიდებულება ფინანსური საკითხების მიმართ. ის არანაირი მსგავსი ტიპის ვალდებულებით არ აიღებდა ფულს, ამას ადასტურებს დოკუმენტები, რომ ეს თანხა მისთვის გადახდილი არ ყოფილა, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდა მორიგჯერზე არის ფაქტებით დამტკიცებული სიყალბე“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.