რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ მიერ განადგურებულია ობიექტები, სადაც რუსეთის წინააღმდეგ „ტერაქტები მზადდებოდა’.
რუსი ოკუპანტების თქმით, 23 ივლისის ღამეს რუსეთის არმიამ მაღალი სიზუსტის იარაღით მასირებული იერიში მიიტანა „ოდესასში მდებარე ობიექტებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები მზადდებოდა“.
რუსეთის თავდაცის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის იგორ კონაშენკოვის თქმით, განადგურებულია ყველა ობიექტი, სადაც უცხო ქვეყნის „დაქირავებული მებრძოლები“ იმყოფებოდნენ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე 23 ივლისის ღამეს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
ქალაქის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.
რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.