უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.
„ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ეს არის დიქტატურიდან დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინა ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
„უკრაინელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ეს კი ნიშნავს ღრმა და სტრუქტურულ რეფორმებს დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, უმცირესობების უფლებების დაცვითა და მედიის თავისუფლებით დამთავრებული. უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავია იმის ხილვა, როგორ სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს, ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. {საქართველოს პირველი არხი}