სასტუმრო `რედისონში~ პროექტის, სახელწოდებით `პოზიტიური დედობა~ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ახლაშობილთა მშობლებისთვის ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციიების მიწოდება SMS -ის საშუალებით.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივის საფუძველზე, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სისტემა რომელიც უზრუნველყოფს მშობლებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, ამა თუ იმ სამედიცინო ღონისძიების, მათ შორის აცრების მნიშვნელობა; ინფორმაცია, თუ სად შეიძლება აცრის გაკეთება, ფასიანია თუ უფასო კონკრეტული მომსახურება და ა.შ.
ინფორმაცია ბავშვის მოვლის შესახებ ეფუძნება საგანგებოდ შექმნილ წიგნს, სახელწოდებით `ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი~. წიგნი ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიმუშავა.
ეს წიგნი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების ინდივიდუალური ისტორიაა და მიზნად ისახავს დააფიქსიროს ბავშვის ზრდა და განვითარება დაბადებიდან 6 წლამდე. ის ასევე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მშობლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის.
როგორ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მონაწილეობს აღნიშნული წიგნის პოპულარიზებაში და 6 წლამდე ბავშვთა მოვლის შესახებ მშობლებისათვის საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში. მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გასაგებ და მარტივ ენაზე სატელეფონო შეტყობინებების სახით გავრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ბილაინის, მაგთისა და ჯეოსელის მობილური კავშირის საშუალებით.
მშობლები, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საბუთის მიღებისთანავე ასევე აირჩევენ ენას (ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული), რომელზედაც ისინი ისურვებენ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას. ახალი პროგრამა ასევე შესაძლებელს გახდის მოსახლეობისავის სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
`საქართველოსთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი რამ მახსენდება - ინოვაცია და ინვესტიცია. აღნიშნული ინიციატივა ორივეს აერთიანებს. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბავშვების მომავალში, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაში და ამავდროულად მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდების ნამდვილად ინოვაციური მეთოდია,"- განაცხადა რულანდ მონაშმა.
ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას იძლევა გამოვიყენოთ ინოვაციური ტექნიკური საშუალებები და დედებს ბავშვის განვითარებაზე საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, რომელიც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.