გაერთიანება არის სერიოზული პლატფორმა, რომელიც ოპოზიციურ ფრონტზე ახალ ენერგიას და სიცოცხლეს შეიტანს. ხელისუფლებაც ირწმუნება, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ყოველ დღე ცდილობს, ჩვენი ერთობა დააზიანოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ამ გაერთიანებაზე არსებული რეაქციები ძალიან კარგია, ოპოზიციაში ამ გაერთიანებაზე წუხან, რადგან ნახეს, რომ ეს არის სერიოზული პლატფორმა, რომელიც ოპოზიციურ ფრონტზე ახალ ენერგიას და სიცოცხლეს შეიტანს. ხელისუფლებაც ირწმუნება, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ყოველ დღე ცდილობს, ჩვენი ერთობა დააზიანოს. გაკეთებული გვაქვს შეფასება, რა პრობლემები აქვს კამპანიას.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძეს კარგი პროგრამა ჰქონდა და კვლევებში ხუთი-შვიდი პროცენტი ამოგვივიდა, ადამიანები გეგმას და ვაშაძეს იწონებენ, მაგრამ 5-7 პროცენტიანი პარტია ხელისუფლების დაკომპლექტებას როგორ აპირებთო? კითხვა იყო, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში თუ ვიქნებოდით? – თუ კოალიციას „ნაცმოძრაობას“ არ უკეთებ, „ქოცი“ ხარ? ჩვენთვის ტექნიკური საკითხი გახდა, „ნაცმოძრაობასთან“ არჩევნებამდე ვითანამშრომლებ, თუ შემდეგ. თუ არჩევნებამდე აცხადებ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დგომა ცოდვაა, არჩევნების შემდეგ მადლი როგორ გახდება? თურმე, გახდება. როცა გახარია და „ლელო“ ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ წითელი ხაზია, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ერთად იქნება მთავრობაში? თუ კი, მაშინ არჩევნებამდე რა პრობლემაა? პროცესს არასწორად ხედავენ, რესურსი ერთმანეთის კონკურენციაზე რატომ უნდა დავხარჯოთ? – ხელისუფლება არის ისტორიული დაკარგვის ზღვარზე და ამ დროს ვთქვათ, საქართველო კია გადასარჩენი, მაგრამ თუ 5 ნომრით გამოვალთ, ქვეყანას არ გადავარჩენთ, ეს კარგია? ერთმანეთს ისეთი ბარიერები არ უნდა ავუშენოთ, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემა შეგვექმნას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.