ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.
„მას შემდეგ, რაც მსჯავრდადებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა, მიუხედავად მილიონ დოლარიანი კამპანიისა, განიცადეს სრული სამართლებრივი კრახი, გავიდნენ სამართლებრივი ფარგლებიდან და დაიწყეს აკრძალული პროპაგანდისტული იარაღებით საქართველოს მოქალაქეების ტერორიზება. არახამიას ეს განცხადებაც ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია. ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი პრაქტიკულად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. მინდა შევახსენო, რომ იმისთვის, რათა ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმები, სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და უნდა ისწავლოს პირველ რიგში ქართული ენა და პატივი სცეს ქართულ საზოგადოებას. იქნებ ერთხელ მაინც, როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და თუნდაც ქართულ ენაზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ ადამიანს ვურჩევდი პირველ რიგში იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც ამჟამად თავად არის და რომლის მოქალაქეებიც უსამართლო ომში იმყოფებიან. ხოლო უკრაინელ ხალხს ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას ვუსურვებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.