არ შეიძლება, პრეზიდენტს აშანტაჟებდე და სააკაშვილის საპირწონედ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დადო სასწორზე, არახამიას განცხადებები ერთი კომპოზიციის ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი, იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია, ახლა საჭიროა სააკაშვილის შეწყალება“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას სწირავენ.
„ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ შანტაჟს ნიშნავს. არ შეიძლება, პრეზიდენტის განცხადებას – „არა და არასდროს“, ასე უდიერად მოეპყრო და ასეთი პოზიციის მიუხედავად, აშანტაჟებდე და სააკაშვილის საპირწონედ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დადო სასწორზე. ვინც ამ ურთიერთობებს საპირწონედ დებს, ის ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მტერი და ამ ურთიერთობების დაზიანების ინიციატორია. ვინმემ ამიხსნას, რით შეიძლება, სტატუსის მიღებას ხელს უშლიდეს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების არგამოყენება? – ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს იმიჯის შელახვაზე. არახამიას განცხადებები ერთი კომპოზიციის ნაწილია. ისინი ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას სწირავენ. სამწუხაროდ, ესაა მთავარი მანკიერება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.