საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანმშრომელი პიერ-ალექსანდრე კრევოს თქმით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, ოპოზიციაში წასულიყო, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო დღეს ძალიან რთულ გზაზე დგას.
„ვინც ჩემი ასაკისაა, ყველა დაიბადა ისეთ საქართველოში, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა და, სამწუხაროდ, ეს გზა დღეს თითქმის აღარ ჩანს. რა თქმა უნდა, ხალხში ჩანს, მაგრამ მთავრობისკენ ეს გზა აღარ ჩანს. ჩავთვალე, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იყო, აქტიურად მემუშავა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისთვის“, – აღნიშნა პიერ-ალექსანდრე კრევომ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ამასთან, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებით, იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„სინამდვილეში, როცა იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, თვითონაც აქვს რამდენჯერმე ნათქვამი, რომ ახლა ეს მთავრობა როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და, ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ძალიან ცუდი. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, გვისაუბრია. ეს იმედი სულ მქონდა და დღემდე მაქვს“, – განაცხადა პიერ-ალექსანდრე კრევომ.
ალექსანდრე კრევოს თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას. „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, ქალბატონ სალომესაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ვფიქრობ, თვითონაც ნელ-ნელა ხედავს, რომ ეს საჭიროება დადგება“.
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში პიერ-ალექსანდრე კრევო 2018 წლის 24 დეკემბერს წარადგინა. მან პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა.