საქართველოს პარლამენტმა კიდევ რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო "დაიმეგობრა".
დღევანდელ სესიაზე მექსიკაში, მონტენეგროში, ბრაზილიასა და იორდანიაში მეგობართა ჯგუფების შექმნა გადაწყდა. შესაბამისი ცვლილება "პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ" დადგენილებაში შევიდა.
დღესვე განისაზღვრა აღნიშნულ ქვეყნებში მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობაც.
"ჩვენ ამა თუ იმ ქვეყანასთან დიპლომატიურ კავშირს ვამყარებთ და ვაფართოებთ დიპლომატიურ საქმიანობას, თუმცა ამის ფონზე აუცილებელია, რომ დავიწყოთ საპარლამენტო დელეგაციებს შორის ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნვა", - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რითაც საშემოდგომო სესია დაიხურება. პარლამენტარები 62 საკითხს განიხილავენ.