მედიაგამჭვირვალობის მიზნით "მაუწყებლის შესახებ" კანონში დამატებითი რეგულაციების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა თებერვლამდე გადაიდო.
საკითხი მეორე მოსმენით პარლამენტის დღევანდელ სესიაზე უნდა გასულიყო, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატებმა" მისი დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს.
როგორც ფრაქციის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, კანონპროექტის ის სახე, როგორითაც ის კენჭისყრაზე გადის, სრულყოფილი არ არის და დარჩა შესათანხმებელი საკითხები, რომლებიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.
აღნიშნულს სხდომაზევე გამოეხმაურა და დაეთანხმა უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი, რომლის თქმითაც, მხარეებს ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინება სურთ, რისთვისაც "ცოტა დრო" ნამდვილად სჭირდებათ.
საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დადებითად შეხვდა, რის კონტექსტშიც, კანონპროექტის მეორე მოსმენით თებერვლის სესიაზე მიღების გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მედიაგამჭვირვალობის მიზნით კანონმდებლობაში დამატებით რეგულაციებს გულისხმობს.
კანონპროექტი ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების ფლობას უკრძალავს. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ვალდებული იქნება, მაუწყებლების ფინანსური აუდიტის შედეგები ვებ-გვერდზე განათავსოს და ა.შ.