კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კინოცენტრში რეორგანიზაციის გარშემო მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა". ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
კულტურის მინისტრის განცხადებით, მისთვის გაუგებარია "რას ემსახურება პროტესტი".
"ახლა ის რეორგანიზაცია, რომელიც მიმდინარეობდა პრაქტიკულად დასრულებულია, ამიტომ ეს პროტესტი რას ემსახურება მე არ ვიცი. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი პროტესტანტი - ასე დავარქმევ, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, მიუმართავს სასამართლოსთვის და უთხოვია რეორგანიზაციის შეჩერება და 10 ივლისს სასამართლოს მისთვის უთქვამს უარი. ეს გახლავთ ქალბატონი კუხალაშვილი, რომელიც მაინცდამაინც სანაქებო მეთოდებით არ მართავდა ხოლმე ამ კინოცენტრს და მრავალი წლის განმავლობაში ეს ასე ხდებოდა" - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
კუხალაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა "კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო", კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
წულუკიანის თქმით, სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა".
"თუ რამე გაჭიანურდა, უფრო სწორად დაგვიანდა, არის რეორგანიზაციის დაწყება, რომელიც ჩვენ წელს, მხოლოდ ივნისში დავიწყეთ. ეს ჩემი და ჩემი გუნდის შეცდომაც არის. ეს რეორგანიზაცია მეც და ჩემს წინამორბედებსაც ბევრი წლის წინ და ბევრად ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს." - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ის კინოცენტრის თანამშრომლებთან "არა კონსენსუსს, არამედ პარტნიორებს ეძებენ" და "უკვე ჰყავთ ძალიან ბევრი პარტნიორი კინოხელოვანთა რიგებში, ვისაც აინტერესებთ კინო და არა პოლიტიკა".
მისივე თქმით, პოლიტიკა მინისტრის და "მაქსიმუმ მისი მოადგილეების საქმეა", ხოლო "სხვების საქმე გახლავთ კინო".
"მე კონსენსუსს არ ვეძიებ, მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი პარტნიორი უკვე ძალიან ბევრი გვყავს კინოხელოვანთა რიგებში, რომლებსაც აინტერესებთ კინო და არა პოლიტიკა. იმიტომ, რომ, ასე გამოვიდა და ასე წერია კანონში, რომ პოლიტიკა არის ჩემი საქმე - მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, სამინისტროში, მაქსიმუმ, კიდევ ვისი საქმეც შეიძლება იყოს პოლიტიკა ესენი გახლავან ჩემი მოადგილეები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირები და სულ ეს არის. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია მეტი არავის საქმე არ არის. სხვების საქმე გახლავთ, კინოს ხალხისთვის კინოს კეთება, თეატრის ხალხისთვის და ა.შ და ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი ინსტრუმენტები და ვიყოთ ეფექტურები" - განაცხადა კულტურის მინისტრმა.