დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, განულებული და დეგრადირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია არის ფრაგმენტირებული და მთლიანად დაშლილი.
„ადრეც ვამბობდით, რომ პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა წარმოდგენილი მათი კოორდინაციის, უკრაინის ხელისუფლების. სამწუხაროდ, ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსპტრემისტული ოპოზიციის კოორდინაცია იკვეთებოდა და პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი, ხელის გულზეა წარმოდგენილი. ამიტომ, კარგია, რომ ახსენეთ, ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა გვარამია, იყო ის, რომ უნდა შემცირებულიყო ამით პოლარიზაცია. მე კითხვა მინდა დავუსვა, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით ან შეხედეთ მის გამონათქვამებს, მის ჩართულობას, მის დესტრუქციულობას, პირიქით, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, უფრო გააღრმავებს, გააღვივებს პოლარიზაციას. ზიზღის რიტორიკა დაბრუნდება მათი მხრიდან და ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მათგან მომდინარეობს. ეს არის რეალობა და კიდევ რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, კიდევ მინდა გავიმეორო, ყველას მინდა, მოვუწოდო, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ამ სიცრუისთვის, რომლითაც მათ ზიანი მიაყენეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას.
რადას დეპუტატების მომართვას რაც შეეხება, ეს გასაგებია, ეს შემადგენელია ამ პროცესის და ამ პოლიტიკის. მათი მიზანი იყო ძალიან მარტივი. მათ აწყობდათ და აწყობთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, დალაგებული მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს იცავს, არამედ მათი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება სჭირდებათ ქვეყანაში, რომ რამენაირად რუსეთის ყურადღება გადაერთოს სხვა მიმართულებით, სხვა ფლანგებზე, სხვა ფრონტებზე, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.