საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების მიხედვით.
„მთავარი, რაც მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყოველგვარი ცილისწამება, ბრალდება, თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ და ა.შ. არის სრული სიცრუე.
იცით, რომ პატიმარი სააკაშვილი 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. 2 000-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა გამართული. წელიწადზე მეტია, იმყოფება კერძო კლინიკაში და არა ციხეში. აღარ მინდა უბრალოდ სპეკულაციები გავაგრძელო. ჩვენი ხალხი ხედავს სიმართლეს. ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან კარგად გაიგო, გვქონია არაერთი საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კარგად იციან, რა ხდება, რეალობა სად არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, კიდევ ვიმეორებ, იყო ჩვენი სიმართლის მთავარი მარწმუნებელი, დამამტკიცებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.