არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ჩუმად მოპარული ნიმუში კარგი საქმისთვის იქნებოდა გამოყენებული, როგორც ჩანს, ვიღაცას მანკიერი, „ჟულიკური“ ჩანაფიქრები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
საჯველაძემ კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ძალიან უსიამოვნო ინციდენტია.
„ეს ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო, რადგან ფაქტია, ყველაფერს აზრი დაუკარგა. არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ჩუმად მოპარული რაღაც ნიმუში იმ ფონზე, როდესაც კონკრეტული მკვლევრებისთვის ნიმუშები ხელმისაწვდომი ლეგალურად გახდა, ამის მიღმა დამატებით ნიმუშის აღება კარგი საქმისთვის და კეთილსინდისიერი მოტივებისთვის იქნებოდა გამოყენებული. ვფიქრობ, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ამის საპირისპიროდ მე არ მომისმენია. როგორც ჩანს, ვინმეს მანკიერი ჩანაფიქრები აქვს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „ჟულიკური“ რაღაც ჩანაფიქრები აქვს და შეიძლება ეს არის, რითაც ნაკარნახები შეიძლება, ყოფილიყო ასეთი ნაბიჯი. სხვა ახსნა მე არ მაქვს. ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა სარჯველაძემ.