საქართველოსა და შვედეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციები შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში შედგა და მასზე მხარეებმა ორ ქვეყენას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების აუცილებლობას.
"ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შIDA) ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. საუბარი შეეხო საქართველოსთვის გათვალისწინებულ შვედეთის ახალ სტრატეგიას 2010-2013 წლებისთვის. შვედური მხარე დაინტერესდა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით", - აცახდებენ საგარეო უწყებაში.
ამასთან, კონსულტაციების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს, ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე. დეტალურად იქნა განხილული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესი; „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები; საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამომავლო პერსპექტივები. შვედეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის მიმართ.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა რეგულარულად განახორციელონ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.