არახამიას ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან, არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უკრაინის რადაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, არახამიასა და გორჩარენკოსნაირები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში.
„არახამიასა და გორჩარენკოსნაირები რაც უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ჩვენთვის უინტერესოა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიანთ ქალაქში, ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ, არახამია სადმე იბრძოდეს? ან ერთი ან მეორე იარაღით ხელში სადმე გინახავთ? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში. ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ამას უკრაინელი ხალხი უკვე კარგად აცნობიერებს. უსამშობლოების გაერთიანებაა, უკრაინის რადაში მოხვედრილი. მათი ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან. არ გამოვრიცხავ, არახამიას ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია, რომელსაც არაფრად ადარდებს არც უკრაინის და არც საქართველოს ბედი. ქართველი ვარო და ქართველ ხალხს რუსულად გველაპარაკება“, – განაცხადა ზარქუამ.