ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდით უკმაყოფილოა.
როგორც მოლაპარაკებების მე-14 რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის გაზიარებაზე.
"ჩვენ ველოდით, რომ რუსეთის ფედერაცია გაიზიარებდა სამშვიდობო ინიციტივას და თავადაც აიღებდა ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ განცვიფრებულები ვართ იმ რეაქციით, რაც მათ ჰქონდათ - რუსეთმა არა თუ ვალდებულება არ აიღო ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, არამედ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ 12 აგვისტოს ხელშეკრულების არსებობა და ის ვალდებულებები, რომელიც მათ აქვთ აღებული ამ შეთანხმებით. ეს შემაშფოთებელია, მით უმეტეს იმის ფონზე, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებში მოსკოვის მხრიდან ბოლო პერიოდში აქვს ადგილი", - განმარტა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების მე-14 რაუნდი გუშინ გაიმართა. პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მასზე ქართულმა მხარემ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრა, მათ შორის ცხინვალთან ახლოს უკანონო შეირაღების განთავსებაზე, ახალგორის მოსახლეობის აღირცხვიანობასა და მათთვის ქონების ჩამორთმევაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების ხელწყობასა და სხვა თემებზე.