დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების განხორციელება ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით.
მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ხელისუფლება თანმიმდევრულად მოქმედებს.
„რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, რომ რეფორმები განახორციელოს. რეფორმების განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რაღაც შესრულდა და ამით დასრულებულია ყველაფერი. ეს არის გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესი, რასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრირება და გაწევრიანება მოხდეს იმ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებას ევროინტეგრაციის პროცესში.
„თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ყველა გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ურთიერთობები - ყველაფერი იყო „ქართული ოცნების“ და მისი გუნდის დამსახურება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.