დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. სხდომა ამჯერად ქუთაისში, სათაფლიის ნაკრძალში გაიმართება და მას პრეზიდენტი სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაჯამებენ სათაფლიის ნაკრძალის უკვე დასრულებული რეაბილიტაციის პროცესს. ამასთან, ქვეყნის პირველი პირი მთავრობის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ქუთაისის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებაც ჩაიბარებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ სათაფლიის ნაკრძალის ტურისტული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო საერთაშორისო ნავთობკომპანია "BP"-იმ 7 მლნ ლარი დახარჯა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ცენტრალური შესასვლელის, ვიზიტორთა ცენტრის, იურული პერიოდის პარკის, დინოზავრის ნაკვალევის საკოსერვაციო ნაგებობის, მღვიმის შესასვლელ-გამოსასვლელი შლუზების, მღვიმის სავალი ბილიკის, კაფეტერიის, საგამოფენო დარბაზის, გადასახედის მშენებლობა; პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა მღვიმის თანამედროვე განათებები, აკუსტიკური გაფორმება, ტურისტების მოსაცდელები, მინის გადასახედები მთის ფერდობიდან, კოლხურ ტყეში სასეირნო ბილიკები და საპიკნიკე ადგილები. ნაკრძალში კი ვიზიტორთა გზები ქვაფენილით მოიკირწყლა.
როგორც ცნობილია, მთავრობა რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს და მას, როგორც წესი, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.