დღეს, 17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომით საშემოდგომო სესია დაიხურება. პარლამენტარები 62 საკითხს განიხილავენ, მათ შორის მექსიკაში, მონტენეგროში, ბრაზილიასა და იორდანიაში მეგობართა ჯგუფების შექმნის გადაწყვეტილების შესახებ. პარლამენტარები სპეციალურ განცხადებს შეიმუშავებენ ლიტვაში 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინიციატივებით 13 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ლიტველმა "ქრისტიან-დემოკრატებმა" ქვეყნის პარლამენტში შეიტანეს რეზოლუცია რუსეთისგან ლიტვის ტერიტორიაზე 1991 წელს შეჭრის გამო კომპენსაციის შესახებ.
რეზოლუციით სეიმს სთხოვენ აღიაროს, რომ 1991 წლის 11-13 იანვარს სსრკ-ის ჯარმა განახორციელა აგრესიის აქტი დამოუკიდებელი ლიტვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რის შედეგადაც დაიხოცა უიარაღო ხალხი. ჯარმა დაიკავა ვილნიუსის ტელეკოშკი, რადიოსა და ტელევიზიის შენობა. ტელეკოშკის შტურმის დროს დაიღუპა 14 კაცი, 700-მდე დაშავდა.
2009 წლის სექტემბერში ლიტვის პარლამენტმა შეიტანა შესწორება სისხლის სამართლის კოდექსში საბჭოთა აგრესიის უარყოფის ან გამართლების შემთხვევაში სასჯელის შესახებ.
სეიმის აზრით, ლიტვის ხელისუფლებამ უნდა მიმართოს რუსეთს 1991 წელს გარდაცვლილებისა და დაზარალებულების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ.
შეგახსნებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება, ხოლო საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომები საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე იმართება.