დღეს, ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან, ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე მიღებულ კომუნიკეზე საუბრისას განაცხადა.
„ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე მთავარი გზავნილი, რომელიც შეგვიძლია, მოვისმინოთ ნატო-სგან, არის, რომ ნატო-ს კარი ღიაა პარტნიორებისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მინისტერიალი ნატო-ს ფარგლებში, რომელსაც საქართველოსთან ერთად, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა ესწრებოდა. გვახსოვს ბუქარესტში გამართული წინა მინისტერიალი, სადაც იყო ძალიან საინტერესო დისკუსია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან. როგორც იცის ჩვენმა მოსახლეობამ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. შესაბამისად, დღეს, ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან. ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ეს შეფასებულია შესაბამისად ჩვენი პარტნიორებისგან. ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველოს ისევე, როგორც მანამდე, ტრადიციულად, აქვს ძალიან დინამიკური, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ნატო-სთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მექანიზმები, რათა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყოს პროცესი, რომელსაც მოაქვს თავისი ღირებული შედეგები მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას. საქართველოსთვის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რეფორმების განხორციელების გზაზე პარალელურად ვაძლიერებთ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამია: „ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს“.