აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის. მისი თქმით, ნატო უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილავს.
ბაიდენის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მიიჩნევს ნაადრევად ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას, ნატო-ს ქვეყნები განაგრძობენ კიევის სამხედრო დახმარებას, რომელიც აუცილებელია ომის დასასრულებლად.
„არ ვფიქრობ, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, ნატო-ში იყოს ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, მივიღოთ თუ არა ალიანსში უკრაინა“, - განაცხადა ბაიდენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ზელენსკისთან და დაპირდა, რომ აშშ გააგრძელებს კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას ისევე, როგორც ამას აკეთებს ისრაელისთვის.
„ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავიაროთ, რათა უკრაინამ შეძლოს განაცხადის გაკეთება ნატო-ს წევრობაზე“, - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ომის დაწყებამდე მან უარი უთხრა რუსეთის პრზეიდენტ ვლადიმირ პუტინს მოთხოვნაზე მიეცა დაპირება, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა, რადგან ბაიდენის თქმით, ალიანსი ატარებს ღია კარის პოლიტიკას.