არ ვიცი, რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი პოდოლიაკის განცხადება, რითიც უარყოფს, რომ მეორე ფრონტზე განცხადებები არ გაუკეთებიათ. საქართველოში მათი განცხადებები ყველას ახსოვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განახადა
სარჯველაძეს ჰკითხვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინას საქართველოსგან არასდროს მოუთხოვია მეორე ფრონტი“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სხვა რამეს თუ გულისხმობდნენ, მაშინ ამის შესახებ განცხადებები დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინათ.
„ყველას კარგად ახსოვს არა მხოლოდ პოდოლიაკის განცხადება, არამედ მისი აქაური არაერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც მათ პარტნიორებად მოიაზრებიან. მათი რიტორიკა შეხმატკბილებული იყო. არაერთი განცხადება იყო, სადაც საქართველოს ომის გამართვისკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის იყო დანილოვის, არესტოვიჩის განცხადებები, რომ სააკაშვილს ამის გაკეთება შეუძლია. არ ვიცი, რა აუდიტორიაზეა გათვლილი პოდოლიაკის განცხადება, რითიც უარყოფს, რომ მეორე ფრონტზე განცხადებები არ გაუკეთებიათ. საქართველოში ეს ვინმესთვის დასაჯერებელი ვერ იქნება, რადგან მათი განცხადებები ყველას ახსოვს. თუ სხვა რამეს გულისხმობდნენ, ალბათ განცხადება უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე, როცა ამაზე საუბარი დაიწყო და არა ახლა, როცა ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.