სააკაშვილის რეჟიმი განაგრძობს გამოუცხადებელ ომს თანამოქალაქეების, კერძოდ კი, დევნილი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლება იწყებს დედაქალაში საცხოვრებელი სახლებიდან დევნილების უკანონო გამოსახლების ახალ ტალღას, რომელიც, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ძალისხმევით, ცოტა ხნით იყო შეჩერებული. უახლოეს ხანში გამოსახლების საფრთხე ემუქრებათ თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ ასეულობით ოჯახს. მმართველი რეჟიმი იმ "დათმობაზეც" კი არ მიდის, რომ დევნილები შობა-ახალ წელს თავიანთ სახლებში შეხვდნენ. ხელისუფლება ცდილობს, ერთხელ უკვე დევნილი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად აქციოს ხელმეორედ დევნილებად.
მათი უფლებების დასაცავად, „ქართული პარტია" უერთდება 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა მანიფესტაცია. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, რიგით მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ დევნილთა მხარდამჭერ აქციაში და გამოხატონ სოლიდარობა მათ მიმართ.
„ქართული პარტია" ასევე მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას საქართველოში და მის პარტნიორებს: დანიის ლტოლვილთა საბჭოს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აიძულონ სააკაშვილის ხელისუფლება, შეწყვიტოს რეპრესიები და ძალადობა დევნილების მიმართ.