საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ უნგრეთის იუსტიციის მინისტრ ჯუდიტ ვარგასთან და უნგრეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე.
უნგრეთს მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
„ვაფასებთ უნგრეთის ძლიერ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში.
ეს არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. ბუნებრივია, რომ საქართველო განაგრძობს დიალოგს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და ამ მომენტში, უნგრეთის მხარდაჭერა ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ ჩვენი უნგრელი მეგობრების პოზიციას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გააჩნიათ.
რეალურად, ევროპა და საქართველოს ნამდვილი მეგობრები ხედავენ პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს და სათანადოდ აფასებენ იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა. საქართველო არის ევროპის საიმედო პარტნიორი რეგიონში და ორმხრივი ურთიერთობების, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიცე-სპიკერთან ერთად, უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ანრი ოხანაშვილი და მარიამ ლაშხი ესწრებოდნენ.